03.02.2018 - სამ რეგიონში უკანონო სახერხი საამქროები გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის, აღმოსავლეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს. 

არარეგისტრირებული დანადგარები - ე.წ. ლენტური ტიპის ხერხები - მოქალაქეებს, ხაშურის, ბორჯომისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში, საცხოვრებელი სახლის ეზოებსა და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში ჰქონდათ მოწყობილი. უკანონო საამქროების ტერიტორიაზე, ჯამში, განთავსებული იყო 3.2 მ3 მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი და 20 მ3-მდე მოცულობის წიწვოვანი სახეობის (ნაძვი, ფიჭვი) სამასალე მორი.

ამოღებული და დალუქულია 6 ერთეული დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი. 

სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, შედგა ოქმები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 128 მე-2 პრიმა მუხლის 2 ნაწილით (ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, ხე-ტყის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ) და 128 მე-3 პრიმა მუხლის 3 ნაწილით (ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, უკანონო ხე-ტყის/ხე-მცენარის ან/და მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქციის კონფისკაციით ან უამისოდ, მრგვალი ხე-ტყის (მორის) არარეგისტრირებული სახერხი დანადგარის, თერმული დამუშავების დანადგარის (ტექნიკის) და მოწყობილობის კონფისკაციით).

მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.