საიტის მუშაობს სატესტო რეჟიმში

განცხადებები

#

ნადირობის სეზონი 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება



ნადირობის სეზონი ,,ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“  ბრძანების (N95 27/12/2013წ.) შესაბამისად,  2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება სამინისტრომ მიიღო მონადირეებთან გამართული წინასწარი კონსულტაციების/გამოკითხვის პროცესში, მათი უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებსა და სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რაც ემსახურება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს.
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობის დროს აკრძალულია:

მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 

ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები (სარეჯგველები); საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები;

ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება და ა.შ. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ  მთელი საქართველოს მასშტაბით. 

მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.   


ვრცლად, ნადირობისას აკრძალული ქმედებები; ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი; ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ:

 

ნადირობა აკრძალულია:
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობის აკრძალული მეთოდები:
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:
მცენარეული საფარის დაწვა; 
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; 
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; 
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; 

ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; 

სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.

ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. 

 

ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით


№  ლათინური დასახელება  /  ქართული დასახელება  /  ვადები  /  გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები 

სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 


1  Anser anser  რუხი ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

2  Anas strepera  რუხი იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

3  Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  01.11 – 01.03 5 ცალი

4  Anas platyrhynchos  გარეული იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

5  Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  01.11 – 01.03 3 ცალი

6  Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

7  Fulica atra  მელოტა  01.11 – 01.03 6 ცალი

8  Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  01.11 – 01.03 3 ცალი

9  Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  01.11 – 01.03 6 ცალი

10  Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  01.11 – 01.03 5 ცალი

11  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  01.11 – 01.03 3 ცალი

12  Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  01.11 – 01.03 5 ცალი

 

წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 

1  Anser anser  რუხი ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

2  Anas strepera  რუხი იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

3  Anas crecca  ჭიკვარა (სტვენია იხვი)  10.09 – 31.12 3 ცალი

4  Anas platyrhynchos  გარეული იხვი  10.09 – 31.12 5 ცალი

5  Anas querquedula  იხვინჯა (ჭახჭახა იხვი)  10.09 – 31.12 2 ცალი

6  Anas clypeata  ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

7  Fulica atra  მელოტა  10.09 – 31.12 5 ცალი

8  Anas acuta  კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი  10.09 – 31.12 2 ცალი

9  Anas penelope  თეთრშუბლა იხვი  10.09 – 31.12 3 ცალი

10  Anser albifrons  დიდი თეთრშუბლა ბატი  10.09 – 31.12 3 ცალი

11  Aythya ferina  წითელთავა ყვინთია  10.09 – 31.12 2 ცალი

12  Aythya fuligula  ქოჩორა ყვინთია  10.09 – 31.12 3 ცალი

 

სხვა ფრინველები 

1  Scolopax rusticola  ტყის ქათამი  15.10 – 01.03 5 ცალი

2  Gallinago gallinago  ჩიბუხა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

3  Coturnix coturnix  მწყერი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი

4  Columba palumbus  ქედანი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

5  Columba livia  გარეული მტრედი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

6  Columba oenas  გულიო (გვიძინი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

7  Streptopelia turtur  ჩვეულებრივი გვრიტი  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი

8  Crex crex  ღალღა  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

9  Lymnocryptes minimus  ჩიბუხელა (გარშნეპი)  აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი

 

განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _  ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი),  სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ.

შემოგვიერთდით: