სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ შემოწმებას ახორციელებს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი განახორციელეს. ღონისძიების მიზანი წიწვოვანების უკანონოდ მოპოვება-რეალიზაციის აღკვეთა და პრევენციაა.

დედაქალაქში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთი ადგილების კონტროლს, როგორიცაა, სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიები. აღსანიშნავია, რომ არც ერთ პუნქტზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზატორები ვალდებულნი არიან, იქონიონ გასაყიდად გამოტანილი ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა. სწორედ ამ დოკუმენტითაა შესაძლებელი იმის დადგენა, რომ ხე-მცენარე კანონიერი გზით - სანერგეში, პლანტაციაში, ან საკარმიდამო ნაკვეთშია მოპოვებული. იმ შემთხვევაში კი, თუ რეალიზატორი იმპორტირებულ ხე-მცენარეს ყიდის, მან იმპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

წიწვოვანების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა 200-დან 2000 ლარამდე მერყეობს, რასაც  გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობაც ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1000 ლარს აჭარბებს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების აქტიურ მონიტორინგს მომდევნო დღეებშიც განახორციელებენ.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: