საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა წიწვოვანი სახეობის ხისგან მიღებული 1 კუბური მეტრი ძელაკი, რომლის კანონიერი წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სახერხის მეპატრონემ ვერ შეძლო.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბათში, მოქალაქეს სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 4 ერთეული სოჭის სახეობის მორი, რომელთა პარამეტრები არ ემთხვევა სახერხის ელექტრონულ ჟურნალში აღნიშნული ფირნიშით რეგისტრირებული მორების პარამეტრებს.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში კი, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონული ჟურნალის მიხედვით, კაკლის სახეობის 87 ერთეული მორი უნდა ყოფილიყო განთავსებული. გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოქალაქეს, ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა, 117 ერთეული კაკლის სახეობის დაფირნიშებული მორი.

აღნიშნულ სამართალდარღვევებზე დაწყებული სამართალწარმოების პროცესში, ორ შემთხვევაზე, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტებიც გამოიკვეთა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: