სიახლეები
6 თვეში რეგულირების ობიექტების 1619 ინსპექტირება განხორციელდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, რეგულირების ობიექტების (ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მფლობელი სუბიექტების, გარემოსდაცვით ტექნიკურ რეგლამენტებს დაქვემდებარებული საწარმოების) 1619 ინსპექტირება განახორციელეს.
განხორციელდა 180 ობიექტის საქმიანობის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის გეგმიური და არაგეგმიური შემოწმება. მათ შორის, 43 (22 მიმდინარე) - გარემოზე ზემოქმედების ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გათვალისწინებული პირობების შესრულების შემოწმება; 3 (2 მიმდინარე) - სამონადირეო მეურნეობის, თევზჭერის სპეციალური ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმება; 13 - გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სახეობების იდენტიფიცირების მიზნით სასოფლო-სამეურნეო ნათესებიდან ნიმუშების აღება/შემოწმება; 1 - „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულება და 120 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება.
2025 წლის 6 თვეში, 47 რეგულირების ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობები გამოვლენილი დარღვევების გონივრულ ვადაში აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით.
2025 წელს, დეპარტამენტი ჯამში, 99 რეგულირების ობიექტის (გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ლიცენზიის/გადაწყვეტილების მფლობელი) გეგმიურ შემოწმებას განახორციელებს.
რეგულირების ობიექტების შემოწმებათა დაგეგმვა რისკებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შესაბამისად ხორციელდება. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი გეგმიური ინსპექტირებაა, ვინაიდან, კომპანიები ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი გეგმიური შემოწმებების პარალელურად, მოქალაქეების განცხადებებისა და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსული შეტყობინებების საფუძველზე არაგეგმიურ ინსპექტირებებსაც მთელი წლის განმავლობაში განახორციელებს.