სიახლეები
კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 22 ფაქტი გამოავლინეს.
სამართალდარღვევებიდან 5-5 ფაქტია გამოვლენილი ლაგოდეხის, გურჯაანისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში. 4 ფაქტი დაფიქსირდა სიღნაღის მუნიციპალიტეტში. 2 სამართალდარღვევაა გამოვლენილი ყვარლის მუნიციპალიტეტში, 1 ფაქტი კი - ახმეტის მუნიციპალიტეტში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფონის, აფენის, გიორგეთის მიმდებარე ტყეებში და ასევე შპს „ფაუნას“ სატყეო უბანში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 1 ერთეული ლაფნის, 1 ერთეული ჭადრის სახეობის ხე-მცენარე და 0,8 კუბური მეტრი რცხილის, 0,4 კუბური მეტრი ჭადრისა და 0,4 კუბური მეტრი ვერხვის სახეობის საშეშე-მერქანი.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხირსას სატყეო უბანში, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 2 კუბური მეტრი რცხილის სახეობის საშეშე-მერქანი.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყის, კალაურისა და შაშიანის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 5 ერთეული წიფლისა და 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარე.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების - ხაშმისა და ნინოწმინდას მიმდებარე ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოჭრეს 2 ერთეული მუხისა და 1 ერთეული რცხილის სახეობის ხე-მცენარეები, ასევე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებისგან უკანონოდ დაამზადეს ჯამში 3,5 კუბურ მეტრამდე საშეშე მასალა.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების - ახალსოფლისა და ბალღოჯიანის მიმდებარე ტყეებში კი, მოქალაქეებმა უკანონოდ დაამზადეს ჯამში 2 კუბურ მეტრამდე რცხილისა და კაკლის სახეობის საშეშე მასალა.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ შესაბამისი ოქმები.