საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 9 ფაქტი გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს და უკანონო ნადირობის 9 ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევებიდან 8 ფაქტი იმერეთის რეგიონშია გამოვლენილი, 1 კი - რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში.

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთის მიმდებარედ, მოქალაქე გადამფრენ ფრინველებზე გლუვლულიანი სანადირო იარაღით, სარეგისტრაციო მოწმობის გარეშე ნადირობდა და არც მოსაკრებლის საფასური ჰქონდა გადახდილი. სოფელ ამაღლებაში კი, მოქალაქეს, ავტომანქანაში გაუფორმებელი გლუვლულიანი იარაღი აღმოაჩნდა.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში, 3 მოქალაქე მოსაკრებლის ქვითრის გარეშე ნადირობდა. ორ მათგანს არარეგისტრირებული სანადირო იარაღი ჰქონდა. ერთ-ერთი კი, ნადირობისას, ელექტრომანათობელს, ე.წ. შუქ-ფარს იყენებდა.

ელექტრომანათობლის, ე.წ. შუქ-ფარის გამოყენებით ნადირობდა მოქალაქე სამტრედიის მუნიციპალიტეტშიც.

წყალტუბოსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში, სამართალდამრღვევები, გადამფრენ ფრინველზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის გარეშე, არარეგისტრირებული სანადირო იარაღებით ნადირობდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ სორის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, მოქალაქე არარეგისტრირებული გლუვლულიანი სანადირო იარაღით ნადირობდა.

მოქალაქეებს უკანონო იარაღები და მოწყობილობები ჩამოერთვათ. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: