სიახლეები
აღმოსავლეთ საქართველოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 23 ფაქტი გამოავლინეს.
9 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული 5,5 კუბური მეტრი წიფლისა და 0,7 კუბური მეტრი რცხილის სახეობის ხე-მასალის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 6 ერთეული თხმელის (მურყანი) სახეობის ხე-მცენარე და მისგან მიღებულ 31 ერთეული მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა. მეორე სამართალდამრღვევი კი, 62 ერთეული დაუფირნიშებელი მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახორციელებდა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, შპს „ფაუნასა“ და ჭიაურის ტყეებში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული კაკლის, აკაციისა და ჭალის მუხის სახეობის ხე-მცენარეებისგან მიღებული 3 ერთეული მორის, 5 ერთეული კოტრისა და 0,7 კუბური მეტრი აკაციის სახეობის საშეშე-მერქნის ტრანსპორტირება განახორციელეს.
5 სამართალდარღვევა გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქალაქეები ფიჭვის სახეობის 13 ერთეული მორისა და 1,5 კუბური მეტრი მოცულობის საშეშე-მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდნენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეებს უკანონოდ გადაჰქონდათ, ჯამში 6,5 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. ქალაქ მარნეულში კი, მოქალაქე, 3,5, კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას უკვე გამოყენებული ელექტრონული ზედნადებით ახორციელებდა.
5 სამართალდარღვევა გამოავლინეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმაც. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მოქალაქეები, ჯამში 45 ერთეული დაუფირნიშებელი მორის ტრანსპორტირებას ახდენდნენ.
3 სამართალდარღვევა გამოავლინეს აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა. ხაშურში, მოქალაქე, ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე, წიწვოვანი სახეობის 49 ერთეული მრგვალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. ამავე მუნიციპალიტეტში, სამართალდამრღვევს, უკანონოდ გადაჰქონდა 1,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ქარელის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქეს ავტომანქანის ძარაზე 4,5 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი ჰქონდა განთავსებული.
1 სამართალდარღვევა გამოავლინეს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გადამოწმების მიზნით შეჩერებული სატვირთო ავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს განთავსებული ჰქონდა 2 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის საშეშე მერქანი. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 203 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), 27 კუბურ მეტრამდე მოცულობის ხე-ტყე (საშეშე მერქანი, კოტრი) და 6,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს. ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაილუქა. იმ ფაქტების საქმის მასალები კი, სადაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.