სიახლეები
რუსთავში სოკოს საწარმომ კომპოსტირების პროცესი შეაჩერა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, რუსთავში მოქმედი შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმო არაერთხელ შემოწმდა და დაჯარიმდა. კომპანიაში ინსპექტირება 2022 წლის 12 აგვისტოსაც განხორციელდა და კვლავ გამოვლინდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე კომპოსტის (ნარჩენების აღდგენა) წარმოების ფაქტი. ოქმი განსახილველად გარდაბნის მაგისტრატ სასამართლოშია გადაგზავნილი.
შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილ სოკოს საწარმოში კომპოსტირების პროცესი მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნის გავრცელებას იწვევდა. მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, კომპანიის დირექტორმა პასუხსიმგებლობა აიღო 2022 წლის 20 სექტემბრიდან საწარმოში კომპოსტირების პროცესის შეწყვეტაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2022 წლის 21 სექტემბერს, სამართალდარღვევის პრევენციის მიზნით, რუსთავში მოქმედი შპს „თეთრი ქუდის“ კუთვნილი სოკოს საწარმო კვლავ გადაამოწმეს. ინსპექტირებით დადგინდა, რომ შპს „თეთრი ქუდის“ კომპოსტის წარმოების უბანი არ ფუნქციონირებს და პროცესი შეჩერებულია.