საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

თებერვალში უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის 1 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 219 ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის, ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 171, საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების 48 ფაქტი. აღნიშნული სამართალდარღვევებიდან, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 31 ფაქტი შეიცავს.

უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 79 ფაქტი კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლინდა, 45 სამართალდარღვევა დაფიქსირდა სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში - 24, სამცხე-ჯავახეთში - 21, აჭარაში - 18, ქვემო ქართლში - 12, შიდა ქართლში - 8, მცხეთა-მთიანეთში - 6, გურიაში გამოვლინდა 4, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში 1 სამართალდარღვევა დაფიქსირდა.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა თბილისშიც. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

თებერვალის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 181 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყეა ამოღებული, ხოლო 19 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო დალუქული.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამართალდარღვევების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, დეპარტამენტის თანამშრომლები, 24-საათიან, უწყვეტ რეჟიმში პატრულირებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შესულ შეტყობინებებზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: