სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, მოქალაქეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობაში, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო წაბლის სახეობის 0,5 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ კახეთში გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; შესაბამისად, მასალები საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნა. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა პრიორიტეტია; დეპარტამენტი ყოველ მსგავს შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.