საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში, სამეგრელოში, იმერეთსა და კახეთში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა დამონტაჟებული.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში, მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლას მიმდებარე ტყეში, მოქალაქეს უკანონოდ მოწყობილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე წაბლის სახეობის 5 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0,4 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე იყო განთავსებული ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის სახელმწიფო ტყეში მოწყობულ უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზეც. ადგილიდან ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 8 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). 

ვინაიდან ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: