საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 13 ფაქტი გამოავლინეს



 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან  ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 13ფაქტი გამოავლინეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთშიმდინარე სუფსაზე და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ამბაროვკას მიმდებარედ, მოქალაქეები აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით ახდენდნენ თევზჭერას; მდინარე მტკვრის კალაპოტიდან კანონდამრღვევებს 8 კგ. ხრამულის სახეობის თევზი ჰქონდათ მოპოვებული. 

სახლართი ტიპის ბადეა ამოღებული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, მდინარე აჭარისწყლის კალაპოტიდან. ამასთანავე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან დეპარტამენტის  თანამშრომლებმა 10 ერთეული თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი ამოიღეს. თელავის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზნიდან კი, თევზმახე, ე.წ. გოდორყურეა ამოღებული. თევზჭერის წესების 8 ფაქტია აღკვეთილი ზაჰესის მიმდებარედ. მოქალაქეები თევზჭერას აკრძალულ ადგილას - კაშხალთან 500-მეტრიან ზონაში ახდენდნენ. 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

 

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღები, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები. ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, იმის მიხედვით,  თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია მოპოვებული, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში. ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ქვირითობის პერიოდში (1 მაისიდან 31 აგვისტომდე) უკანონო თევზჭერის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: