სიახლეები
1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, 2018 წლის ამავე პერიოდში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 758 ფაქტი გამოვლინდა. ბოლო ერთ წელიწადში გამკაცრებული რეგულაციების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტების რაოდენობა თითქმის განახევრდა.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 29, იმერეთში _ 50, გურიაში - 10, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 36, ქვემო ქართლის მასშტაბით - 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 49 ფაქტი დაფიქსირდა.
თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.