სიახლეები
იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღაში მოქალაქეს ცირკული ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო უკანონოდ მოპოვებული თხმელას (მურყანი) სახეობის 4 ერთეული მორი და დაახლოებით 1 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელხევში კი, მოქალაქეს არარეგისტრირებული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ჰქონდა მოწყობილი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 293 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.