სიახლეები
კახეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტში, გადამოწმებული რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 13 ერთეული წიფლის სახეობის დაფირნიშებული მორი იყო განთავსებული, ხოლო 2 ერთეული მორი და 0,7 მ3 შავად ნამზადი დეტალი გადამუშავებული და გატანილი იყო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან, ელექტრონული ცნობის გაწერის გარეშე.
ამავე მუნიციპალიტეტში განთავსებულ სახერხ საამქროს ტერიტორიაზე 15 ერთეული დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის პირველი ხარისხის მრგვალი მორი იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ სისტემაში.
თელავის მუნიციპალიტეტში განთავსებული 2 ერთეული სახერხი საამქროს ღობის მთლიანობა იყო დარღვეული, ერთ-ერთში კი ვერ წარმოადგინეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, 1 ერთეული დაუფირნიშებელი ჭადრის სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი) იყო განთავსებული, რომელიც არ იყო ასახული ელექტრონულ სისტემაში, ამასთან, სახერხი საამქროს ტერიტორიას არ გააჩნდა მყარი კონსტრუქციული ღობე.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.