განცხადებები
განცხადება „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალი რეგულაციის შესახებ
2022 წლის 1 ივლისს ძალაში შევიდა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონით ქვეყანაში ჩამოყალიბდა ევროპული კანონმდებლობის შესაბამისი, „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპზე დაფუძნებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც, გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსწორება და დაზიანებული გარემოს პირვანდელ (ზიანის მიყენებამდე) არსებულ მდგომარეობაში აღდგენა (ნაცვლად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისა).
კანონის გარდამავალი დებულების მიხედვით, გარემოსთვის ზიანის მიმყენებელ იმ პირებს, რომელთაც გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის, ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების ვალდებულება ჯერ არ დაკისრებიათ, აქვთ შესაძლებლობა, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების ნაცვლად, განახორციელონ დაზიანებული გარემოს გამოსასწორებელი ღონისძიებები, ახალი კანონის დადგენილი წესით. კერძოდ, კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, „თუ 2022 წლის 1 ივლისამდე განხორციელებული უკანონო ქმედებით გარემოსთვის ზიანის მიყენებისთვის პირს დაკისრებული არ აქვს ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილება), მას უფლება აქვს, 2022 წლის 1 დეკემბრამდე მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მოთხოვოს მას ამ კანონით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის დაკისრების პროცედურების მასზე გავრცელება“.
აქვე მხედველობაშია მისაღები, რომ თუ პირი გამოიყენებს ზემოაღნიშნულ უფლებას, იგი აღარ იქნება უფლებამოსილი, გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2022 წლის 1 ივლისამდე არსებული წესით აანაზღაუროს.