განცხადებები
გარეული ცხოველით უკანონო ვაჭრობა 1000 ლარით ჯარიმდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს კონტროლს გარეული ცხოველების/ფრინველების უკანონო ყიდვა-გაყიდვისა და მათი დატყვევების ფაქტების გამოვლენის მიზნით. თითოეულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით, დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს.
მოქმედი კანონმდებლობით, გარეული ცხოველის უკანონოდ დატყვევება და უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველის ყიდვა-გაყიდვა დაუშვებელია. მსგავსი ქმედება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 4 მუხლის შესაბამისად, 1000 ლარის ოდენობის ჯარიმით ისჯება. გარდა ამისა, პირს უკანონოდ მოპოვებული გარეული ცხოველი ჩამოერთმევა და ის, შემდგომში, სასამართლოს დადგენილების მიხედვით, სახელმწიფოს გადაეცემა საკუთრებაში.
კერძო საკუთრებაში გარეული ცხოველის ყოლა დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა ის მოიპოვა კანონიერი გზით, ან ქვეყანაში კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით შემოიყვანა. ასეთ შემთხვევაში, პირი ვალდებულია ჰქონდეს უცხო ქვეყანაში გარეული ცხოველის კანონიერად შეძენის/ფლობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი, საბაჟო დეკლარაციები, ვეტერინარული მოწმობა, სიტესის კონვენციით დაცული ცხოველის შეძენის შემთხვევაში - შესაბამისი სერტიფიკატი და ნებართვა.
რაც შეეხება წითელი ნუსხით დაცული სახეობების მოპოვებას, დაშვებულია მათი გადარჩენა, განკურნება და სამეცნიერო მიზნით გამოყენება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით. ასეთი სახეობების უკანონოდ მოპოვება, დატყვევება და ყიდვა-გაყიდვა, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით; ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 85-ე პრიმა 3 მუხლის თანახმად, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ობიექტის ჩამორთმევა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირება მოახდინონ.