სიახლეები
მეტალურგიული საწარმო - „ამბიკონ სტილსი“ ამ ეტაპზე არ ოპერირებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 4-5 ნოემბერს, ქალაქ ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული საწარმო შემოწმდა. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე, საწარმო არ ოპერირებს და არ მიმდინარეობს ტექნოლოგიური პროცესი. ვიზუალური დათვალიერებით გაირკვა ისიც, რომ აღდგენილია ღუმელიდან წარმოქმნილი აირმტვერნარევის გამწოვი სისტემა, განხორციელებულია სარემონტო სამუშაოები მტვერდამჭერ დანადგარზე.
„ამბიკონ სტილსის“ კუთვნილმა მეტალურგიულმა საწარმომ ფუნქციონირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციული მიწერილობის საფუძველზე შეაჩერა - დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის სექტემბერში, „ამბიკონ სტილსის“ მიმართ, ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 78-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გამწმენდი ნაგებობის გამოუყენებლობის გამო შეადგინეს. გამომდინარე იქედან, რომ საწარმოში გამოვლენილი დარღვევის შედეგად შეიძლება მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გარემოს, კომპანიას ინდუსტრიული ღუმელის ექსპლუატაციის დაუყოვნებლივ შეჩერება ღუმელიდან გამოყოფილი აირების გამწმენდი დანადგარის ამოქმედებამდე დაევალა.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო 3 წელში „ამბიკონ სტილსში“ არაერთი სამართალდარღვევა გამოავლინეს და თითოეულ მათგანზე სათანადო რეაგირება მოახდინეს: 2019 წლის ნოემბერში საწარმოს მიერ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 1 397,48 ლარი შეადგინა. ინსპექტირების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევის მასალები განსახილველად გადაეგზავნა სასამართლოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კომპანია სამართალდამრღვევად სცნო და მას 5 000 ლარის ოდენობის ჯარიმა, ასევე გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დააკისრა. კომპანიამ დადგენილება გაასაჩივრა, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება ძალაში დატოვა.
2020 წლის ივლისში, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ მეტალურგიული საწარმო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, ტექნოლოგიური სქემის შესაბამისად საწარმოში არ ხდებოდა ნედლეულის - ჯართის გადარჩევა, დახარისხება და დარღვეული იყო ასპირაციული სისტემის ექსპლუატაციის პირობები. ამასთან, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის, მანგანუმის დიოქსიდის, თუთიის ოქსიდის და მტვერის შემცველობა აღემატებოდა ზღვრულად დასაშვებ ნორმებს. კომპანიის მიმართ შედგა შესაბამისი ოქმი. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, კომპანია კვლავ დაჯარიმდა 5 000 ლარით და დაეკისრა გარემოსათვის მიყენებული ზიანის (521. 25 ლარი) ანაზღაურება. გასაჩივრების შემდეგ, დადგენილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.
2021 წლის აპრილში, ინსპექტირების შედეგად დაფიქსირდა მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი. ასევე გამოვლინდა, რომ საწარმოდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა ხდებოდა შესაბამისი წმენდის გარეშე. კომპანიის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი. მასალები გადაიგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, რომელმაც კომპანია სამართალდამრღვევად სცნო და 15 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
მიმდინარე წლის 20 ივლისს, დეპარტამენტის უფლებამოსილმა თანამშრომლებმა კომპანიის მიერ მავნე ნივთიერებათა ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი კვლავ დააფიქსირეს. ასევე, საწარმოდან (მილიდან) საკონტროლო წერტილებში სხვადასხვა მიმართულებით, დაფიქსირდა მტვრის ნაწილაკების ზღვრულად დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების (4-ჯერ) ფაქტი.
მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 79 (8)-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“' პუნქტის შესაბამისად შეადგინეს. აღნიშნული მუხლი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმის გადამეტება.