სიახლეები
დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 6 ფაქტი გამოავლინეს. 5 სამართალდარღვევაა გამოვლენილი რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, 1 კი - იმერეთში.
სამართალდარღვევებიდან 2 ფაქტი ცაგერის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. სოფელ ბარდნალაში, მოქალაქეს, რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიიდან უკანონოდ, სახერხი საამქროს ელექტრონულ ბაზაში მითითების გარეშე ჰქონდა გატანილი 11,38 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). ამავე სოფელში, სახერხი საამქრო არ იყო სრულად შემოღობილი და ასევე, ნახერხის დასასაწყობებელი ბუნკერის გარეშე ფუნქციონირებდა.
სრული ღობისა და ნახერხის დასასაწყობებელი ბუნკერის გარეშე ფუნქციონირებდა სახერხი საამქრო ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესემაშიც. ნახერხი სახერხის ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული.
2 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. სოფელ თლუღში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია 1 ერთეული დაუფირნიშებელი წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). სოფელ სადმელში კი, მოქალაქის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ბაზაში მითითებული 9,4 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ფიცარი) ნაცვლად, განთავსებული ჰქონდა 7 კუბური მეტრი ფიცარი. შესაბამისად, 2,4 კუბური მეტრი ფიცარი, ტერიტორიიდან, ბაზაში მითითების გარეშე ჰქონდა გატანილი.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხნარში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონული ბაზის მიხედვით განთავსებული უნდა ყოფილიყო 14 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). სახერხი საამქროს გადამოწმებისას გაირკვა, რომ ტერიტორიიდან, 2 ერთეული მორი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) უკანონოდ, ბაზაში მითითების გარეშეა გატანილი.
ექვსივე სამართალდამრღვევის მიმართ შედგა ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით.