სიახლეები
კახეთში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში 2 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ქალაქ ახმეტაში მოქალაქეს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი სპეციალურად მოწყობილ შენობაში ჰქონდა განთავსებული. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 24 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მეორე სამართალდარღვევა კი, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში გამოავლინეს. მოქალაქეს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საკარმიდამო ეზოში ჰქონდა მოწყობილი. სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 1 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.