სიახლეები
უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებებით უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესი განისაზღვრა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელებს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი მუკნიაშვილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა გააცნეს.
ცვლილებების თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ორგანო ვალდებულია, სახელმწიფო ტყისა და დაცული ტერიტორიის საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (გარდა მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისა) აღმოჩენილი ან დროებით ჩამორთმეული უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარე (ხე-ტყე, მერქნიანი ხე-მცენარე, მერქნიანი მწვანე ნარგავი), დაუყოვნებლივი გასხვისების მიზნით გადასცეს ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარემოებების შემთხვევაში, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ნივთიერი მტკიცებულების (მერქნიანი მცენარის) გასხვისების მიზნით ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის, ირაკლი მუკნიაშვილის განცხადებით, ჩამორთმეული უკანონო ხე-ტყის მოცულობა, ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 ათას კუბურ მეტრს შეადგენს. მათგან დაახლოებით 3 500 კუბური მეტრი მოცულობის ხე-ტყის განკარგვა ვერ ხერხდებოდა. ახალი კანონმდებლობა უკანონო ხე-ტყის დაუყოვნებლივი განკარგვის წესს განსაზღვრავს, რაც აღნიშნულ პრობლემას საბოლოოდ გადაჭრის.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა განმარტა, რომ ცვლილებების განხორციელებამდე, ჩამორთმეული ხე-ტყის სახელმწიფოს მიერ რეალიზება ვერ ხერხდებოდა შესაბამის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც ამ რესურსს გამოუსადეგარს ხდიდა, რადგან დაკარგული ჰქონდა სასაქონლო ღირებულება; მისი დიდი ნაწილის რეალიზება ან საერთოდ ვეღარ ხდებოდა, ან ხდებოდა გაცილებით დაბალ ფასში.