საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.

3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - დობერაზენსა და ინჩხურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების ტერიტორიებზე, განთავსებული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული  წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), წაბლის სახეობის 4 ერთეული მორი და 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).  სოფელ ნოხაში კი, მოქალაქეს, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.

თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი კახეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ახმეტის, ხელვაჩაურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ასევე - ქალაქ ქუთაისში, სადაც სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 0.7 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.

1 უკანონო სახერხი საამქრო  გამოავლინეს  გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმაც. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სასადილოში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულიც“ ჰქონდა განთავსებული.

ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: