სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ამბიკონ სტილსს“ მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა
სასამართლოს დადგენილების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „ამბიკონ სტილსის“ მეტალურგიული წარმოების უფლების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შემდეგ მიიღო, რაც ინსპექტირებით დადგინდა, რომ კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, რაც საფრთხეს უქმნის გარემოს.
საწარმოს ეზღუდება საქმიანობის (მეტალურგიული წარმოება) განხორციელება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ტექნოლოგიურ ციკლთან საწარმოს საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანამდე და სათანადოდ გამართული აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები რეგულარულად, მკაცრად გააკონტროლებენ საწარმოს მიერ ადმინისტრაციული მიწერილობის მოთხოვნების შესრულების პროცესს. წინააღმდეგ შემთხვევაში დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას მოახდენს - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის 3(1) ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას 10 000 ლარიდან 30 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში 20 000 ლარიდან 60 000 ლარამდე.