სიახლეები
„ECO.Georgia” ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებს, თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების მიზნით, ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტყის სექტორის რეფორმის მხარდამჭერი პროექტის „ECO.Georgia” ფარგლებში, დეპარტამენტის 114-მა თანამშრომელმა სატრენინგო მოდული - „ტყის ზედამხედველობის გაძლიერება“ გაიარა. პროექტი ECO.Georgia თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საქართველოს, გერმანიისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი შესაბამისი უწყებები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ერთობლივად ახორციელებენ.
„პროექტის „ECO.Georgia” ფარგლებში, ჩვენი მთავარი მიზანია საქართველოს ტყეების მდგრადი მართვისთვის შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხარდაჭერა, რაც, ამავდროულად, საქართველოში სატყეო რეფორმის მხარდაჭერას ემსახურება. არსებული ვითარების გაუმჯობესება-გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ეროვნული სატყეო სააგენტო უფრო მდგრადად მართავდეს ტყეებს, მეორე მხრივ კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გააძლიეროს ტყის კოდექსით დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანად შესრულება, რათა მოხდეს ტყის რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენცია. სწორედ ამ მიზნით, არსებული გრანტის ფარგლებში, პროექტი მხარს უჭერს დეპარტამენტის თანამშრომლების გადასამზადებელი კურსების ჩატარებასა და დანერგვას. ტრენინგებზე ისინი ეცნობიან უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებსაც, რათა ამაღლდეს მათი ცოდნა და ხარისხი და უფრო ეფექტიანად შეძლონ ტყის მდგრადი მართვა, ტყის რესურსების დაცვა და გააძლიერონ ტყეზე კონტროლი“, - განაცხადა, პროექტის ECO.Georgia ტყის მდგრადი მართვის კომპონენტის ხელმძღვანელმა (GIZ) კრისტიან გოენერმა.
ტრენინგები პროექტის „ECO.Georgia” სამიზნე რეგიონებში - გურიაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ჩატარდა და მოიცავდა როგორც საკანონმდებლო რეგულაციებს, ასევე, მონაწილეთა საქმიანობიდან გამომდინარე, მათთვის საჭირო ინფორმაციას და პრაქტიკულ სამუშაოებს.