საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის უკანონო მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს.

დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიანი პატრულირების დროს, განსაკუთრებით გააკონტროლებენ იმ ტერიტორიებს, სადაც ბოლო წლებში, ბზის უკანონო მოპოვება-რეალიზაციის სტატისტიკა მაღალია.

კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. მისი მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება კანონით ისჯება. აღნიშნული სამართალდარღვევა 500-დან 1 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში კი, თუ ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1 000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და ხელოვნურად გაშენებული პლანტაციებიდან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ადგილწარმოშობის ცნობის საფუძველზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, არ დაარღვიონ კანონი. სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში კი, დარეკონ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153 (ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცული), რათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა თითოეულ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.  

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: