სიახლეები
ქობულეთსა და ბორჯომში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ბორჯომში, არარეგისტრირებული სახერხი საამქროები გამოავლინეს.
ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში. მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია 149 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (დახერხილი ფიცარი) და 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). ქალაქ ბორჯომში, ვაშლოვანას დასახლებაში გამოვლენილი ლენტური ტიპის სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 1 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.