საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მაისში უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 51 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 20 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 15 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში, სამეგრელო- ზემო სვანეთში დაფიქსირდა 5 სამართალდარღვევა, 4-4 ფაქტია გამოვლენილი მცხეთა- მთიანეთში, კახეთსა და გურიაში, ქვემო ქართლში - 3, სამცხე-ჯავახეთში - 1, აჭარაშიც - 1. 10 ფაქტია გამოვლენილი შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები აღკვეთილია დედაქალაქშიც - მაისში, თბილისში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოვლინდა.

ბრაკონიერები, უმეტეს შემთხვევაში იყენებდნენ ისეთ უკანონო თევზსაჭერ საშუალებებს, როგორიცაა სახლართი ბადე, ელექტროშოკური აპარატი და სხვა. ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ინტენსიურად ტარდება პრევენციული ღონისძიებებიც, განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც, ბოლო წლებში, ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, დეპარტამენტის თანამშომლები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან, უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 1 მაისიდან  31 აგვისტოს ჩათვლით, ქვირითობის პერიოდში, აკრძალულ ადგილას აკრძალული საშუალებებით თევზჭერა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სანქციებს გულისხმობს, ხოლო, სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა დაშვებულია მთელი წლის განმავლობაში.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: