სიახლეები
იმერეთში საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული ზუთხის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული თევზის სახეობა - ზუთხი, მოქალაქემ სამტრედიის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონზე მოიპოვა. სამართალდამრღვევი უკანონო თევზჭერას ხის ნავიდან ჩასაკიდებელი იარუსების, კერძოდ 35 ერთეული ანკელარის გამოყენებით ახდენდა.
ზუთხის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 6 500 ლარზე მეტია.
ვინაიდან ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.