საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან  ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს.

ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონო თევზჭერას მოტორიანი ნავიდან ელექტროშოკური მოწყობილობის ე.წ პილიკანის გამოყენებით ახდენდნენ. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 27 კგ-მდე კეფალის სახეობის თევზი.  ელექტროშოკურ მოწყობილობებს იყენებდნენ მოქალაქეები ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვიშარში, მდინარე რიონზე და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონის მიმდებარედ მდინარე მტკვრის კალაპოტშიუკანონო თევზჭერისას.  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარე კაბალზე კი, სამართალდამრღვევმა დაახლოებით 1 კილოგრამი სხვადასხვა სახეობის თევზი აკრძალული საშუალების - ე.წ. ფაცერის გამოყენებით მოიპოვა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდინარე წყალწითელაზე,  გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდინარეებზე - გუბისწყალსა და რიონზე, მცხეთა-ნარეკვავის მიმდებარედ, მდინარე არაგვზე, თიანეთის მუნიციპალიტეტში მდინარე იორზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის აკრძალული საშუალებით - ანკესზე გამობმული სახლართი და გასაშლელი ტიპის ბადეებით უკანონო თევზჭერის 7 ფაქტი აღკვეთეს.

დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ, რომ აკრძალულია თევზჭერა ისეთი საშუალებებით, როგორიცაა ელექტროდენი, ელექტროშოკური აპარატი, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოები, ცეცხლსასროლი იარაღები, სახლართი ბადე, ე.წ. ეკრანბადე, მოსასმელი ბადე, სხვა არასპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის ბადე-იარაღები, ნებისმიერი სახის ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებები. ასევე, იკრძალება თევზჭერა შიდა წყალსატევებში დევნისა და ფრთხობის ხერხებით, წყალსატევების ხერგვითა და შრეტით.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, იმის მიხედვით,  თევზჭერის რა საშუალებაა გამოყენებული უკანონო თევზჭერისას და რა რაოდენობის თევზია მოპოვებული, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა მოქმედებს. მნიშვნელოვანია ისიც, რა ადგილებში ხდება თევზჭერა და რა პერიოდში. ჯარიმები 120 ლარიდან 3000 ლარამდე მერყეობს. პარალელურად, სამართალდამრღვევს ჩამოერთმევა მოპოვებული თევზი და თევზჭერის იარაღი. ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, ასაფეთქებელი ან მომწამლავი ნივთიერებით, ან თევზის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით თევზჭერის შემთხვევაში, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ქვირითობის პერიოდში (1 მაისიდან 31 აგვისტომდე) უკანონო თევზჭერის შემთხვევაშიც, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. 2024 წლის იანვარ-ივლისში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა თევზჭერის წესების დარღვევის 494 ფაქტი აღკვეთეს, მათ შორის, 206 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: