საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

ნოემბერში გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოვლინდა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, 2024 წლის01 ნოემბრიდან 30  ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 351 სამართალდარღვევა გამოავლინეს. 

ყველაზე მეტი - 183დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, 57 - რუსთავში, 56 - ბათუმში,  55კი,  ქუთაისში.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაჯარიმებული 351 სამართალდამრღვევიდან  310 ფიზიკური პირია, ხოლო 41 - იურიდიული პირი.

216 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 121 - მიკროავტობუსის, 14  - სატვირთო ავტომობილის მძღოლების სახელზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებენ.

კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის ნოემბრის ჩათვლით, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში 8216 ფიზიკური და იურიდიული  პირი დაჯარიმდა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,  სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის  www.videos.police.ge  საშუალებით.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემა დაინერგა საწარმოებში. პარალელურად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. ამასთანავე, 4 მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტომობილების ხილული გამონაბოლქვის კონტროლიც მიმდინარეობს. კომპლექსურად, ყველა ეს მიმართულება ხელს უწყობს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: