სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროიარაღით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს.
რუსთავში, მდინარე მტკვარზე ორი მოქალაქე უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, თევზჭერის ელექტროიარაღის საშუალებით ახდენდა. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 15 კგ ხრამულის სახეობის თევზი. ფაქტის აღკვეთისას, დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელს, ერთ-ერთმა ბრაკონიერმა ნიჩბით თავის არეში ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მიიმალა. შესაბამისად, აღნიშნულ ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის - უკანონო თევზჭერის გარდა, ძალადობის მუხლითაც დაიწყო.
მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, გასაბერი ნავისა და ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა უკანონო თევზჭერას 2 მოქალაქე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მიმდებარედაც. სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული 9 კგ-ზე მეტი ხრამულის სახეობის თევზი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის კიდევ ერთი ფაქტი გამოავლინეს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის მიმდებარედ, მდინარე ალაზანზე. სამართალდამრღვევს, თევზჭერის ელექტროიარაღის გამოყენებით, უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული ხრამულის სახეობის 4 კგ თევზი.
ვინაიდან აღნიშნული ფაქტებიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.