სიახლეები
იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამეგრელოში 7 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
4 უკანონო სახერხი საამქრო დალუქულია იმერეთში: ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონიაში მოქალაქეს საკარმიდამო ნაკვეთში ცირკული ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი. უკანონო საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული იყო 5 ერთეული აკაციის სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზვარესა და ვახანში მოქალაქეებს უკანონო ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და საკარმიდამო ნაკვეთებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
2 უკანონო ლენტური ტიპის სახერხი საამქრო გამოვლენილია აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალსა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ იაკობაურში.
ასევე ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი, მოქალაქეს, საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა დამონტაჟებული სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოში. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 20 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 0, 37 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან შვიდივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.