სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის მიმართულებით პრევენციული ღონისძიებები გაატარეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარეს.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავზე და ბაზალეთის ტბაზე, ასევე მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე გატარებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 750 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, საბურავებისგან დამზადებული 9 ერთეული თევზმახე, ე.წ. ოჩხი, 9 ერთეული „გოდორი“ და 2 ერთეული ხოლიხი ტიპის ბადე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებები გაატარეს ფოთში ზღვის სანაპიროზე, ასევე ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე - რიონზე, ხობისწყალზე, ცივსა და ენგურზე. ჯამში ამოღებულია 395 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 2 ერთეული ხოლიხი ტიპის ბადე და 1 ერთეული „ოჩხი“.
აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, დაბა ქობულეთში, დაბა ურეკში, ხელვაჩაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მდინარე კინტრიშისა და ზღვის შესართავიდან, ასევე მდინარეების - ჭოროხისა და სუფსის კალაპოტებიდან და უსახელო ტბიდან, ამოღებულია ჯამში დაახლოებით 300 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მდინარე მტკვრიდან და დაბა სურამის მიმდებარე ტბიდან, ჯამში ამოღებულია დაახლოებით 679 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე.
პრევენციული ღონისძიებები გატარდა ქალაქ თბილისშიც. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა, თბილისის ზღვიდან, ჯამში 650 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე ამოიღეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.