სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, იმერეთში, აჭარასა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 7 ფაქტი გამოავლინეს.
ხონის მუნიციპალიტეტში მოქალაქემ უნებართვოდ მოჭრა 3 ძირი რცხილის სახეობის ხე-მცენარე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კი, დალუქულია, უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი და წაბლის ხე-მცენარეებისგან დამზადებული 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
ქობულეთის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეებისგან ჯამში 16 ერთეული მორი დაამზადეს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში კი, გამოვლენილია წიფლის სახეობის ხე-მცენარეების უკანონო ჭრის ფაქტები. ამოღებულია ჯამში 11 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამისი დოკუმენტაცია შეადგინეს და სათანადო რეაგირება მოახდინეს.
უკანონო ტყითსარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.