საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ნოემბერში უკანონო ტყითსარგებლობის 259 ფაქტი გამოავლინა



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 259 ფაქტი გამოავლინეს.

გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 223 ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 36 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების ფაქტებია. სამართალდარღვევებიდან 17 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველაზე მეტი - 92 ფაქტი დაფიქსირდა კახეთში, აჭარაში გამოვლენილია 57 სამართალდარღვევა, იმერეთში - 22, სამცხე-ჯავახეთში - 20, ქვემო ქართლში  - 19,  სამეგრელო-ზემო სვანეთში - 12, მცხეთა-მთიანეთშიც - 12, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 11, შიდა ქართლშიც - 11, გურიაში კი - 3.

ჯამში ამოღებულია 495 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით დალუქულია 2 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, 2025 წლის 11 თვეში დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით უკანონო ტყითსარგებლობის 1653 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 57 უკანონო სახერხი საამქრო.

ბუნებრივი რესურსების დაცვა და ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ; მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: