სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინა
სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.
ყველაზე მეტი, 10 ფაქტი გამოავლინეს კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გურჯაანის, საგარეჯოს, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში.
2-2 ფაქტი დაფიქსირდა ქვემო-ქართლში - წალკისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, შიდა ქართლში - ქარელის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ გორში, სამეგრელოში - მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში და იმერეთში - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
1 ფაქტი გამოვლენილია მცხეთის მუნიციპალიტეტში.
სამართალდამრღვევები უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ.
ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე - 31 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.
გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ. მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება - ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა.