საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლები საერთაშორისო სამიტს დაესწრნენ



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ნელი კორკოტაძე და დეპარტამენტის სამრეწველო ემისიებისა და ნარჩენების მართვის კონტროლის სამსახურის უფროსი ეკატერინე კისკეიძე დაესწრნენ საერთაშორისო სამიტს, რომელიც რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიებს მიეძღვნა.

სამიტის ფარგლებში განხილული იყო გზების მშენებლობის თანამედროვე მიდგომები და ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურის გრძელვადიან გამძლეობას, ეკონომიკურ ეფექტიანობასა და გარემოსდაცვით მდგრადობას. ღონისძიების მონაწილეებს საერთაშორისო დონეზე აღიარებული ორგანიზაციის “Rubberized Asphalt Foundation” საბჭოს თავმჯდომარემ და წევრებმა გაუზიარეს მრავალწლიანი გამოცდილება რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის ტექნოლოგიების კვლევის, განვითარების და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიების საქართველოში დანერგვა უმნიშვნელოვანესია ცირკულარული ეკონომიკის წახალისების თვალსაზრისით. ცირკულარული ეკონომიკა კი საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის პრიორიტეტია.

კონფერენციის ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიებაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მონაწილეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან დისკუსიების მიზანია ცოდნის გაზიარების ხელშეწყობა და ქვეყნისთვის მდგრადი, გამძლე და გარემოს დაცვის მიმართულებით პასუხისმგებლიანი ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების განვითარებაში წვლილის შეტანა.

საქართველოს რეზინით მოდიფიცირებული ასფალტის 2026 წლის სამიტი ა(ა)იპ „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და ა(ა)იპ „საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ ორგანიზებითა და საერთაშორისო ტექნიკური პარტნიორის - Rubberized Asphalt Foundation (RAF)-ის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარომადგენლები, საერთაშირისო ექსპერტები და სპეციალისტები.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: