სიახლეები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დააზღვევს
პარლამენტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი მიიღო, რომლის თანახმად, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.
ცვლილებები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებსა და იმ თანამშრომლებს ეხებათ, რომლებსაც გარემოს დაცვითი სამართალდარღვევების გამოვლენა-აღკვეთის უფლებამოსილება აქვთ მინიჭებული.
კანონპროექტის მთავარი მიზანია, დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლებისთვის შეიქმნას გარკვეული სოციალური დაცვის გარანტიები (სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, ერთჯერადი დახმარება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის, დასახიჩრების ან სხეულის დაზიანების შემთხვევაში, რასაც მოყვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი), რაც მათ აქამდე არ ჰქონიათ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, რომ კონტროლის განხორციელებისას, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებს, ხშირად, საკუთარი ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების გზით, უწევთ კანონდამრღვევებთან (მათ შორის, როგორც წესი, შეიარაღებულ ბრაკონიერებთან) გამკლავება, რა დროსაც არსებობს ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ზიანის მიყენების მაღალი რისკი. ეს რისკი კი, გარემოს დაცვის სფეროში დეპარტამენტის მიერ გააქტიურებული ბრძოლის შედეგად, კიდევ უფრო გაიზარდა.
კანონპროექტის თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას დააზღვევს.
საბედნიეროდ, დღეის მდგომარეობით, სამსახურებრივი მოვალეობის დროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელთა დაღუპვის შემთხვევები არ ყოფილა. თუკი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა, ახალი კანონმდებლობით, მის ოჯახს (მემკვიდრეს), დეპარტამენტის ბიუჯეტიდან, გადაეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 ათასი ლარის ოდენობით. ასევე, დეპარტამენტი აანაზღაურებს დაღუპული თანამშრომლის დაკრძალვის ხარჯებს 500 ლარის ოდენობით.
ერთჯერადად ფულადი დახმარებები გადაეცემათ იმ თანამშრომლებსაც, რომელთა ჯანმრთელობასაც, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიადგება ზიანი. ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში, დაზარალებულ თანამშრომელს, ერთჯერადად 7 ათასი ლარი გადაეცემა; ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში - 4 ათასი ლარი; ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანების შემთხვევაში კი - 2 ათასი ლარი.
„გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილება ეხება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებსაც - დეპარტამენტი უფლებამოსილი იქნება მათ საკუთარი ბიუჯეტიდან დაუქირაოს საცხოვრებელი ბინა, ოჯახის წევრებთან (მეუღლე და შვილები) ერთად საცხოვრებლად. ეს იმ შემთხვევაში, თუ ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი, დეპარტამენტის სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ან სამუშაო ადგილიდან არანაკლებ 30 კილომეტრითაა დაშორებული. დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფის წესსა და პირობებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ადგენს. მინისტრი, შესაბამის ბრძანებას, 2020 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს.