სიახლეები
2020 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2020 წელს, გამოვლინდა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 6 405 ფაქტი, მათ შორის, 367 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სამართალდარღვევებზე დაკისრებული ჯარიმების თანხამ, ჯამში, 1 602 800 ლარი, ხოლო გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 3 758 345 ლარი შეადგინა.
2020 წელს, რეგულირების ობიექტების 1547 ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 46 - საქართველოს ნავსადგურებში შემოსული გემების ინსპექტირება გარემოსდაცვითი მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
საწარმოებისა და ხე-ტყის დამზადების ლიცენზიანტების შემოწმების მთავარი შედეგი ის გახლავთ, რომ ისინი ცდილობენ გამოვლენილი დარღვევები აღმოფხვრან და მათი საქმიანობა, მაქსიმალურად შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს.
მასშტაბური სახე მიიღო პარკების მწარმოებლების შემოწმების პროცესმა, რათა საცალო ქსელში არ მოხვდეს პლასტიკის პარკები და შემცირდეს გარემოს დაბინძურება. 2020 წელს პარკების მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირებისა და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაილუქა და კონფისკაციას დაექვემდებარა 2 142 450 ერთეული პლასტიკის პარკი.
2020 წელს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, განხორციელდა 20 შემოწმება. აღსანიშნავია, რომ შემოწმებების შედეგად გარემოში გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმის ინტროდუქციის ფაქტი არ გამოვლინდა.
გრძელდება საავტომობილო საწვავის ხარისხის კვლევა, მიწოდების პროცესში და აღნიშნული ღონისძიებების შედეგად მინიმუმადე შემცირდება არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც თავისთავად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. 2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, 280 ავტოგასამართი სადგურის რეზერვუარებიდან საწვავის 344 სინჯია აღებული. ჯამში, დიზელისა და ბენზინის მხოლოდ 33 სინჯი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს.
დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება 24-საათიანი ცხელი ხაზის ფუნქციონირებას. 2020 წელს, გარემოსდაცვითი სავარაუდო სამართალდარღვევის შესახებ ცხელ ხაზზე (153) შევიდა 2 592 შეტყობინება. თითოეულ შეტყობინებაზე დეპარტამენტი შესაბამის რეაგირებას ახდენს და კანონმდებლობით დადგენილ ზომებს ატარებს. #გარემოსდაცვა2020 #მთავრობა2020