სიახლეები
კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილაში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ჰქონდა დამონტაჟებული. ტერიტორიიდან ასევე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, დაახლოებით 1 კუბური მეტრი წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და დაუფირნიშებელი 36 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი). მათგან 28 ერთეული მორი სახერხის ტერიტორიაზე იყო განთავსებული, 8 ერთეული კი - მანქანის ძარაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე და სახერხი დანადგარი დალუქეს.
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.