სიახლეები
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 3 ფაქტი გამოავლინეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალეში, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ნახერხი და ნაგვერდული იყო მიმოფანტული, ხოლო ღობის მთლიანობა დარღვეული იყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში რეგისტრირებულ სახერხ საამქროში, ელექტრონული ჟურნალის მიხედვით 20 მ3 სხვადასხვა სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა ყოფილიყო განთავსებული, რაც ადგილზე არ დაფიქსირდა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარში, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ელექტრონული ჟურნალის მიხედვით 101 ერთეული მრგვალი მორი და 43,27 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი უნდა ყოფილიყო განთავსებული. გადამოწმებისას აღმოჩნდა 106 ერთეული დაფირნიშებული მრგვალი მორი და 38 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს. ასევე ამოღებულია 13 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი.