სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს. ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ზანავისა და საირმეს მიმდებარედ, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ თორის მიმდებარე ტყის ბუდეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 3 ძირი წიწვოვანი სახეობის (ნაძვი) და 1 ძირი ფოთლოვანი სახეობის (მუხა) ხე-ტყე. მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.