საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს



გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოავლინეს.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღუში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 1 ერთეული (დაახლოებით 1,6 კუბური მეტრი) სოჭის სახეობის, დაუფირნიშებელი მორი. მოქალაქემ აღიარა, რომ ხე-მცენარის უკანონო ტრანსპორტირება ტყის ფონდიდან მოახდინა. ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიკორწმინდაში, მოქალაქეს, კუთვნილი სახერხი საამქროების ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 3 ერთეული სოჭის სახეობის მორი, რომელთა პარამეტრები არ ემთხვევა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დაფიქსირებულ პარამეტრებს.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში კი, მოქალაქის კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე გამოვლენილია 1 ერთეული სოჭის სახეობის მორი, რომლის პარამეტრებიც არ ემთხვევა სახერხის ელექტრონულ ჟურნალში აღნიშული ფირნიშით რეგისტრირებული მორის პარამეტრებს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს, უკანონო ხე-ტყე კი, დალუქეს.

მასალები, შემდეგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: