საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია



საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულოა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის წარმოება, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სუბიექტისთვის, რომელიც ახორციელებს „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართითა და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №413 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-5 დანართით განსაზღვრულ საქმიანობას:

  • ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება;
  • 10 მეგავატი ან 10 მეგავატზე მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ექსპლუატაცია;

  • თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით;

  • თუჯის ან ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით;

  • შავი ლითონის დამუშავება: ლითონის ცხლად დამუშავება, სამჭედლო გრდემლით, დამცავი ლითონის ფენით დაფარვა წელიწადში 50 ტონა ან 50 ტონაზე მეტი წარმადობით;

  • ფერადი ლითონის (გარდა ძვირფასი ლითონისა) დნობა წელიწადში 20 ტონა ან 20 ტონაზე მეტი წარმადობით;

  • ლითონშემცველი მადნის გამოწვა და აგლომერირება;

  •  მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა;

  • ძირითადი ორგანული ნაერთების წარმოება;

  • ძირითადი არაორგანული ნაერთების წარმოება;
  • ფოსფოროვანი, აზოტოვანი ან/და კალიუმოვანი სასუქების მარტივი ან/და რთული წარმოება;
  •  
  • შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება;
  •  
  • ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის ან/და პლასტიკური მასალის წარმოება;
  •  
  • ცემენტის, კირის, გაჯის ან/და თაბაშირის წარმოება;
  •  
  • მინის ან/და მინის პროდუქციის (მათ შორის, მინის ბოჭკოს) წარმოება.

 

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 761-ე მუხლის თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

თვითმონიტორინგის კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით განხორციელების მიზნით, საჭიროა საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაცია.

ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციის მიზნით, განაცხადის შევსებული ფორმა (იხ. დანართი) და „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 24 მაისის №2-740 ბრძანებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია წარდგენილ უნდა იქნეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში (თბილისი, გ. გულუას ქ. 6), info@des.gov.ge.

 

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: