სიახლეები
კახეთში უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ, მოქალაქეები თევზის დასაჭერად ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პატრულირებისას, გამოავლინეს გასაბერი ნავი, რომელშიც ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, დენის წყარო (აკუმულატორი) და უკანონოდ მოპოვებული 3 კგ თევზი იყო განთავსებული. სამართალდამრღვევი ადგილზე არ იმყოფებოდა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი აქტი შეადგინეს.
ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.