სიახლეები
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტში და დაბა ბაკურიანის სოფელ პატარა მიტარბის მიმდებარედ, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს 26 ცალი დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და ერთი ძირი წიწვოვანი სახეობის (ნაძვი) ხე-ტყე. ერთ-ერთი მათგანი, ცოცხალი გამწევი ძალის (ხარი) საშუალებით, უკანონოდ ახდენდა აღნიშნული ხე-ტყის გადაზიდვას.
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა ასევე ახალდაბაში. გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანის ძარაზე განთავსებული იყო 8მ³ წიფლის სახეობის ხე-ტყე. მძღოლმა ხე-ტყის მხოლოდ ნაწილზე (5,7მ³ ) შეძლო შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა, 2,3მ³ ხე-ტყე კი უკანონოდ მოპოვებული აღმოჩნდა.
მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.