სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს
გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რაჭა-ლეჩხუმი ქვემო-სვანეთში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თლუღში, მოქალაქეს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული 3,90 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის დახერხილი ხე-მასალის ნაცვლად, 2 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) ჰქონდა განთავსებული.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ დევაშში, სამართალდამრღვევს, კუთვნილი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული ჰქონდა 10 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი), არადა, ელექტრონულ ჟურნალში მითითებული მონაცემების მიხედვით, ადგილზე 18,04 კუბური მეტრი წიწვოვანი სახეობის ხე-მასალა უნდა ყოფილიყო განთავსებული.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუქართაში, მოქალაქის სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არ აღმოჩნდა ელექტრონულ ჟურნალში მითითებული წიწვოვანი სახეობის მორი. ის მორი კი, რომელიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ადგილზე ნახეს, სხვა სახერხი საამქროს ელექტრონულ ბაზაში იყო რეგისტრირებული და მინიჭებული ჰქონდა სტატუსი - „გადამუშავებული“.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცანაში, მოქალაქის სახერხი საამქრო პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული ნარჩენისთვის (ნახერხი) განკუთვნილი ბუნკერის, ნაგვერდულის დასასაწყობელი ადგილისა და ღობის გარეშე ფუნქციონირებს.
ოთხივე სამართალდამრღვევის მიმართ შედგა შესაბამისი აქტები.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 209 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 11 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 43 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 3 ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.