საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შშმ პირებზე ადაპტირება

სიახლეები

ბეჭდვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიაღის უკანონო მოპოვების 300 ფაქტი გამოავლინეს



გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 01 იანვრიდან დღემდე, წიაღის უკანონო მოპოვების 300 ფაქტი გამოავლინეს, მათგან 32 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

სამართალდარღვევებიდან 173 ფაქტი ფიზიკური პირების მიერაა ჩადენილი. 127 შემთხვევაში კი, წიაღი უკანონოდ იურიდიული პირების მიერ იქნა მოპოვებული. უკანონოდ მოპოვებული რესურსის დიდი წილი ქვიშა-ხრეშია - მიმდინარე წელს, სამართალდამრღვევებმა, უკანონოდ, ჯამში 3 759 138 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვეს. ასევე მოპოვებულია 7 217 კუბური მეტრის ოდენობის კვარცის ქვიშა, 5 260 კუბური მეტრი საღორღე ნედლეული, 647 კუბური მეტრი სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენი (წიდა) და სხვა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, წიაღის უკანონო მოპოვების ყველაზე მეტი - 85 ფაქტი გამოვლინდა იმერეთში. აჭარაში გამოვლენილია - 69 სამართალდარღვევა. კახეთში - 28 ფაქტი დაფიქსირდა, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში - 23, მცხეთა-მთიანეთში - 21, შიდა ქართლში - 17, გურიაში - 12, სამცხე-ჯავახეთში - 9, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 8 სამართალდარღვევაა გამოვლენილი.

თბილისში კი, წიაღის უკანონო მოპოვების ერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. დედაქალაქში, იურიდიულმა პირმა, უკანონოდ  4 659 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეში მოიპოვა.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. იმ ფაქტების მასალები კი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ყველა სიახლე
შემოგვიერთდით: