სამსახურები
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახური
გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირებისსამსახურის ამოცანებია:
ა) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, ჩადენილი დარღვევების გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
ბ) პიროვნების დადგენის მიზნით და კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა/დალუქვა;
გ) რეგულირების ობიექტების დათვალიერება/შესწავლის განხორციელება;
დ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამისი რეაგირების გატარება;
ე) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;
ვ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელ დოკუმენტებთან ბუნებრივი რესურსების შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად განახორციელოს დათვალიერება ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, მათ შორის, სასაზღვრო ზოლში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საქართველოს სასაზღვრო პოლიციასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე; მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის დამადასტურებელი, სატრანსპორტო საშუალებისა და მასში განთავსებული ბუნებრივი რესურსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტები, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მასში არსებული ნივთები და საგნები, აწარმოოს პირადი გასინჯვა. პირის (მათ შორის, იმ პირის, რომელიც მართავს სატრანსპორტო საშუალებას) დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები;
ზ) სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი პირის დაუმორჩილებლობის (გაქცევის) შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დევნა მისი დაკავების მიზნით;
თ) პატრულირების განხორციელება განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;
ი) პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;
კ) პატრულირების პროცესში გამოვლენილი კანონმდებლობის დარღვევის შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის) შედგენა და დეპარტამენტის ხელმძღვანელობისთვის შესაბამის მასალებთან ერთად წარდგენა;
ლ) სამსახურზე გადაცემული სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვა, შენახვისა და გაცემის ორგანიზება;
მ) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს სამინისტროს „ცხელ ხაზზე” შემოსული შეტყობინებები და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, ამ მიზნით, უფლებამოსილია მოითხოვოს დეპარტამენტის ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების ინსპექტორების დახმარება ან/და მონაწილეობა;
ო) გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება ან/და გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ დეპარტამენტის თანამშრომელთათვის დახმარების გაწევა;
პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტის უფროსის ბრძანების შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელება. ამ მიზნით სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უფლებამოსილია იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
პ1) პატრულირების დასრულებისას, იმავე დღესვე, საპატრულო ეკიპაჟის მიერ, განხორციელებული პატრულირების შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის სახით) სამსახურის უფროსისთვის წარდგენა, შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ჟ) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანები.